თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ უბანზე მუშაობდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 85 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.
„ასევე, სამუშაოებს ვაწარმოებდით მდინარე დღვიორაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აღნიშნულ სტიქიურ მოვლენებთან. აქ სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით, პრევენციის მიზნით დავიწყეთ“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ.
დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.