თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც შოვში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. უწყვეტად გრძელდება დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. გარდაცვლილებს შორის უცხოელებიც არიან. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
თბილისის მერმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. უმძიმესი მდგომარეობაა, ძალიან დიდი მასშტაბის ღვარცოფი არის ჩამოსული“, - განაცხადა მან.
კალაძემ სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ.
„თქვენ იცით, რომ სამძებრო სამუშაოები უშუალოდ ხელით მიმდინარეობს. სადაც შესაძლებელია ტექნიკის მუშაობა, იქ უკვე 40-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ერთეული ტექნიკა არის მობილიზებული და ეტაპობრივად, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ყველგან, სადაც აუცილებელია, შევლენ. ყველა ჩართულია, ყველა უწება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სტიქიის ეპიცენტრი კოტეჯების ტერიტორიაა, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს.
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.