რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გააკეთა. კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.
როგორც პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, ამ ტრაგიკულ ვითარებაში საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გვერდითაა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. უწყვეტად გრძელდება დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. გარდაცვლილებს შორის უცხოელებიც არიან. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
Поиски пропавших в зоне оползня в Шови
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
შოვში მომხდარ სტიქიას პატრიარქი გამოეხმაურა >>
სტიქიის ეპიცენტრი კოტეჯების ტერიტორიაა, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.