თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარეობს 24 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარეობს 24 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.