შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

32 წლის ქალის ცხედარი მისმა უახლოესმა მეგობარმა ამოიცნო
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქსენია ტრიჩევა იდენტიფიცირებულია შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 16 დაღუპულს შორის, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია.
ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 16 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, ხუთი მათგანი დღეს იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
„დღეს შემოსული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისმა ერთ-ერთმა ახლო დაქალმა მისი ცხედარი მორგში ამოიცნო. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქსენიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სექციის განცხადებაში.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.