თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, სტიქიის ზონაში დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ოთხი მათგანი დღეს იპოვეს. ექვსის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 21 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებას შეახსენებს მძღოლებს, რომ 3 აგვისტოს ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.