საზარელი ტრაგედია შოვში: მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ექვსი მათგანი დღეს იპოვეს
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ექვსი მათგანი დღეს ნახეს. მიმდინარეობს 18 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.