აზარაშვილი: ყველა შანსს გამოვიყენებთ, რათა ადამიანები ცოცხლად ვიპოვოთ

სტიქიური უბედურების ზონაში ჩამოწოლილია 4-5 მეტრის სიმაღლის ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც სამუშაო პროცესს ართულებს, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში ცდილობენ გამოიყენონ ყველა შანსი იმისა, რომ ადამიანები ცოცხლად იპოვონ, განაცხად ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველები ამ დროისთვის 21 ადამიანს ეძებენ. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დანგრეულია ხიდები და შოვისკენ მისასვლელი გზა.
„ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა. კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, რათა ადამიანები ცოცხლად ვნახოთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, სტიქიური უბედურების ზონაში ჩამოწოლილია 4-5 მეტრის სიმაღლის ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
„სხვადასხვა ლოკაციაზეა გაშლილი სამძებრო სამუშაოების ფრონტი როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, უშუალოდ ეპიცენტრის ადგილზეც ხდება სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მაშველები განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ იქ, სადაც უკვე ნაპოვნია ცხედრები, რათა სხვა ცხედრების დაზიანება არ მოხდეს.
აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ მედიკოსებიც, ნათი ნაწილი სოფლებში იმყოფება და დაკარგულთა ნათესავებს ფსიქოლოგიურ თუ სამედიცნო დახმარებას უწევს.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.