შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 11 დაღუპულიდან ექვსი ამოიცნეს

ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 11 დაღუპულიდან მხოლოდ ექვსის ამოცნობა მოხერხდა, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„სტიქიის ზონაში სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად, რადგან კიდევ შეიძლება იყოს ცხედრები. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, 11-დან ამ ეტაპზე, როგორც ვიცი ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
მისი თქმით, დანარჩენი ცხედრების ამოსაცნობად საჭირო იქნება დნმ-ის ანალიზიც, რისთვისაც ჩატარდება ყველა პროცედურა.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.