თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რაჭაში სტიქიის ზონაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაკარგული ადამიანების საპოვნელად, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია 11 ადამიანი. მაშველები 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც, თეორიული გამოთვლებით, უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. მოხერხდა დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა. ჩვენთან ერთად ძირითადად კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები, სად იმყოფებოდნენ, რა პერიმეტრზე“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე მუშაობს დროებითი ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას.
რაჭაში, სტიქიის ზონაში ყველა სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ის ადამიანები ვიპოვოთ, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი განცხადებით, დროებითი ხიდი უკვე აწყობილია.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ხიდი აწყობილია და დღევანდელი ამოცანა გვაქვს, რომ მონტაჟი განხორციელდეს. ხიდი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო კომუნიკაციის განხორციელებას. ხდება დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაც, რომელიც ასევე დაეხმარება მაშველებს და საჯარისო ფორმირებებს, კიდევ უფრო მეტი მობილურობა შეიძინონ“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, პარალელურად გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რაც დაეხმარება მაშველებს ქვედა მხრიდანაც მიუდგნენ სტიქიის ზონას.
„ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს... ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.