შოვში სტიქიის ზონაში დროებითი ხიდები შენდება

ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი შოვისკენ მიმავალი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და დროებით ხიდებს აგებს, რათა სტიქიის ზონასთან კომუნიკაცია აღდგეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მეწყერი შოვში. შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა.
მეწყერი შოვში. შედეგების ლიკვიდაცია
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო.
გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მეწყერი შოვში. შედეგების ლიკვიდაცია
შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს 400 მაშველი და კინოლოგები. გარდა ამისა, ადგილზე უკვე იმყოფებიან სამხედროებიც.