თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო და საძიებო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. მაშველები კიდევ 31 ადამიანს ეძებენ, რომლებიც გუშინდელი დღის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულან.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მან მოინახულა სტიქიის ზონა, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.
„უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანადაა დაფარული", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. სპეციალისტების განცხადებით, კურორტზე 5 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ადგილზე სამაშველო და საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.