მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია

უკვე შესრულდა ცხრა საევაკუაციო რეისი.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ეპიცენტრში ყველგან შესული ვართ, გარდა რამდენიმე ლოკაციისა, სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან შოვში სამაშველო სამუშაოების შესახებ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.

„არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. ამიტომ ხდება ახლა გზის გაჭრა და ტექნიკის შეყვანა, რათა იქამდე მივიდეთ", – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამაშველო სამსახური მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობს, ასევე ყველა ტექნიკასთან მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები.
ბოლო ინფორმაციით, დაკარგული 50 ადამიანიდან ექვსი იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. დანარჩენებთან კავშირი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.