ტრაგედია რაჭაში - ჯანდაცვის მინისტმა სტიქიის ზონაში მოყოლილების მდგომარეობაზე ისაუბრა

თავად სტიქიის ზონაში, ასევე ონში დაზარალებულთა დასახმარებლად სამედიცინო პუნქტებია გახსნილი.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რაჭაში სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანებიდან კლინიკებში გადაყვანა ჯერ არცერთს არ დასჭირვებია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტიქიის ზონაშიც და ონშიც, სადაც სტიქიის ეპიცენტრიდან გადარჩენილები გადაჰყავთ, სამედიცინო პუნქტებია გახსნილი, სადაც ექიმები ყველანაირად ზრუნავენ დაზარალებულების ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მდგომარეობაზე.

„ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების კუთხით სხვადასხვა რაიონიდან სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, ექიმები სხვადასხვა მიმართულების და კვალიფიკაციის... ისინი მუშაობენ როგორც დაკარგულების ოჯახის წევრებთან, ასევე, როცა ხდება ადამიანების გამოყვანა, მერე უკვე სამედიცინო ჩარევების კუთხით", – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამ დროისათვის მაშველები 25 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიციის თანამშრომლები.
მაშველებს უბედურების ზონიდან ადამიანები გამოყავთ - ვიდეო>>
პრემიერის გადაწყვეტილებით, სამაშველო და საძიებო სამუშაოებს თავდაცვის ძალებიც შეუერთდებიან.
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.