თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, განაცხადა შოვში მყოფმა გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.
„ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც ერთი სოფელი მთლიანად ჩაიმარხა. ამ უბანზე 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში", – თქვა მერაბ გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, სტიქიის განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
ადგილზე უკვე რამდენიმე საათია გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.