თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ ცხადდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაჭაში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. მაშველები 31 ადამიანს ეძებენ.
„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. სპეციალისტების განცხადებით, კურორტზე 5 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ადგილზე სამაშველო და საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.