ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მონაწილე ექსპერტს ახალი ბრალი წაუყენეს

საუბარია საგარეჯოს მერიის შეკვეთით სტიქიის შემდეგ სახურავის აღდგენაზე.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანია „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში წარუდგინეს ბრალი.
ექსპერტი ანალოგიური ბრალდებით უკვე მსჯავრდებულია ვაკის პარკში დენის დარტყმით მოზარდის დაღუპვის საქმეში საექსპერტო ბიუროს მუშაობის ეპიზოდში კომპანიის დირექტორთან ერთად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი ყალბი დასკვნა მოამზადა – ამჯერად კახეთში, სოფელ კოჭბაანში საცხოვრებელი სახლის სახურავთან დაკავშირებით.
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა>>
საუბარია საგარეჯოს მერიის დაკვეთით სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენაზე. გამოძიების ვერსიით, ექსპერტმა შემოწმების გარეშე შეადგინა აქტი ნორმების შესაბამისობისა და ღირებულების შესახებ და ხელი დირექტორის მაგივრად მოაწერა, ასევე გააყალბა ექსპერტ–ინსპექტორისა და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები.
გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების საქმეზე გრძელდება.