თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების მსახურება – ეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი დევიზია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
„ჩვენი მთავარი დევიზია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად, ხელისუფლებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა.
„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანა და მთელი რეგიონი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. ასეთი გამოწვევა ევროპის კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არ უნახავს.
„ზოგადად, მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობისა და ამ სამსახურის პირდაპირი როლი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთური დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს გეოპოლიტიკური კრიზისებისა და, მთლიანობაში, მიმდინარე საფრთხეების თავიდან აცილებას. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და დაიცვას მოქალაქეების ინტერესები.
„მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და, რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. მისი თქმით, საქართველო ასევე ანვითარებს ურთიერთობებს როგორც მეზობლებთან, ისე ყველა წამყვან მსხვილ ეკონომიკასთან.
„აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს ასახავს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.