თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა უკვე სამი რეისი შეასრულეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ევაკუირებულებს ონის მუნიციპალიტეტის სასტუმროებში განათავსებენ.
ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიციის ქვედანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.