მეწყერი რაჭაში - ევაკუირებულია 12 ადამიანი

ამჟამად მიმდინარეობს სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან უკვე გამოიყვანეს 12 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ 15 ადამიანი, რომლებიც მეწყრის ჩამოწოლის ზონაში მოხვდნენ, კავშირზე გამოვიდნენ. ისინი არ დაშავებულან.
მეწყერი რაჭაში – სამაშველო ოპერაცია დაიწყო>>
ამჟამად მეწყრის ზონიდან სასტუმროში მცხოვრებნი და მომსახურე პერსონალი გამოჰყავთ. ევაკუირებულებს ონის მუნიციპალიტეტის სასტუმროებში განათავსებენ.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.