მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს

ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“ – წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) დღეს აღნიშნავს.
ილია ჭავჭავაძე (1837–1907 წწ ) ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
„ილიაობა"
გადმოცემის თანახმად, „ილიაობა" ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა. ამ დღეს დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.
რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?>>
„ილიაობის" დღესასწაულის ტრადიცია 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა და მას შემდეგ ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
„ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან – ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.