ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს

რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში 7,7% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები 2023 წლის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით, შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 7,4%.

„ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარი ასევე წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის გამორიცხული, გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდეს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რომელიც უკვე ფაქტად გვაქვს დაფიქსირებული", – განაცხადა დუნდუამ.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.