თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. იმ ოპოზიციონერი დეპუტატების და ახლადგამოჩეკილი „ექსპერტების" ადგილი, რომლებიც ვერ ხვდებიან საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ქართულ პოლიტიკაში არ არის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან (ჩინეთთან და აშშ-თან - რედ.) მეგობრობა“. ხელისუფლება „სტრატეგია აღმაშენებელს" ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიად მოიხსენიებს, გასულ კვირაში მათ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის თაობაზე განცხადება გააკეთეს.
„ამ შეთანხმების თაობაზე ლაპარაკობენ სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ახლად გამოჩეკილი ჩინეთის „ექსპერტები“, რომლებსაც აქამდე ერთი სტატიაც არ წაუკითხავთ ჩინეთზე. ეს ხალხი თუ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა გამოჩნდნენ. იმის გამო, რომ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია არ ჰყოფნით, ისინი თითოეულ წინადადებას ებღაუჭებიან", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
„ამ კუთხით ჩვენ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, რადგანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი უპასუხისმგებლობაა და ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ჩვენ არა მარტო არ ვხედავ საფრთხეებს, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. მისასალმებელია ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან. შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წინსვლას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.