საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შესვლასთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
საპროტესტო აქცია, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა, ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა გამართეს. ლაინერი პორტში დაახლოებით 06:00 საათზე შევიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, იუწყება „პირველი არხი".
შსს-ს ცნობით, მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. შედეგად ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავეს.
უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
„ეს ქაჯობაა" - კობახიძე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე>>>
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოვა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
ამასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.