თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება პეკინში გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმებას ხელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის მაღალი რანგის პირებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა ჰუან ციანმა.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მინისტრმა დარჩიაშვილმა გუბერტნატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მდებარეობას, მის მნიშვნელობას „შუა დერეფნისა" და „აბრეშუმის გზის" პროექტების ფარგლებში.ასევე აღინიშნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გამოითქვა მზადყოფნა, განვითარდეს თანამშრომლობა ჩინეთთან და მის ცალკეულ პროვინციებთან, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგის მიზნით.
„ცალკე აღინიშნა აჭარის რეგიონისა და მისი სექტორული უპირატესობების შესახებ. მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა აჭარის რეგიონის სექტორული მიმართულებები. ხაზი გაესვა ავტონომიური რესპუბლიკის მზარდ ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს-შესაძლებლობებს და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ჰუან ციანმა მინისტრს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მწვანე ენერგიის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურისტული პოტენციალის ა.შ. მან გამოთქვა მზადყოფნა სიჩუანში უმასპინძლოს მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოდან, რათა შედგეს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩინეთისა და საქართველოს ცალკეულ მხარეებს შორის.
„მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.