თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თურქეთის სასტუმროებში მთლიანად უარის თქმა სისტემაზე all-inclusive („ყველაფერი ჩართულია“) ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არის ვარიაციების გამოჩენის შანსი ტურისტების სხვადასხვა მოთხოვნასთან და დასვენების გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით, განაცხადა ანტალიის მერის მრჩეველმა ტურიზმის საკითხებში ოსმან აიიკმა.
მანამდე თურქეთის მოვაჭრეთა და ხელოსანთა კონფედერაციის თავმჯდომარე ბენდევი ფალანდოკენი გამოვიდა მოწოდებით, უარი თქვან all-inclusive სისტემაზე თურქეთის კურორტებზე. მისი არგუმენტი იყო ის, რომ ამ სისტემის გამო ტურისტები, პრაქტიკულად, არ ტოვებენ სასტუმროებს, ხოლო მოვაჭრეები და ხელოსნები შესაძლო შემოსავალს კარგავენ.
„ჩვენთან მოდიან სხვადასხვა კლიენტები განსხვავებული მოთხოვნებით. არიან ისინი, ვისაც სჭირდება all-inclusive, ისინი, ვისთვისაც საკმარისია პანსიონი ან საერთოდ სასტუმრო საუზმის გარეშე. ამიტომ არის განთავსების სხვადასხვა ვარიანტი. all-inclusive–ს თურქეთში მთლიანად არავინ გააუქმებს“, – განაცხადა აიიკმა РИА Новости–სთან.
ამავე დროს, მან არ გამორიცხა სისტემის სხვადასხვა ვარიაციის გამოჩენა. მისი თქმით, როდესაც all-inclusive–ში ბევრი ოფციაა ჩართული, ტურისტს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ოფციას არ მოიხმარს, ის არ სჭირდება.
„ამ ვითარებაში დასვენების ფასები მაღალია, ხოლო ტურისტს არ სურს გადაიხადოს იმ მომსახურებისთვის, რასაც არ იყენებს. ჩემი აზრით, ცვლილებები შევა სისტემაში: გაჩნდება რაღაც „საბაზო ვარიანტი", რომელსაც კლიენტი დაუმატებს ოფციებს, რომელიც სწორედ მას სჭირდება და ამის საფასურს ცალკე გადაიხდის“, – განაცხადა აიიკმა.
მისი აზრით, თუ თურქეთი all-inclusive სისტემაზე უარს იტყვის, მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და ქვეყანა ფლაგმანი და მაგალითი გახდება.
თურქეთის ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეჰმეთ აქბაბის აზრით, ამ სისტემაზე უარი თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა ითქვას.
„all-inclusive–ზე უარი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო კრიზისისა და სურსათის გაძვირების ფონზე პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება. სამწუხაროდ, ამ სისტემის პირობებში სასტუმროებში კლიენტები თეფშზე აუცილებელზე მეტს დებენ, მაღალია ნარჩენების პროცენტი“, – განაცხადა აქბაბამ.
როგორც ის აცხადებს, ქემერში და სხვა რეგიონებშიც ტურისტული დახლების გამყიდველები ვითარებით უკმაყოფილო არიან.
„ჩვენ რეგიონში ბევრი სასრტუმროა, რომლებიც ამ სისტემის გაუქმებას თვითონ ემხრობიან, თუმცა აუცილებელია თანდათანობითი და დროში გაწელილი ნაბიჯები. შესაძლოა, კარგი იყოს ახალი კონცეფციის ერთ ლოკაციაზე გამოყენება“, – აღნიშნა აქბაბამ.