თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში პეკინში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.