თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ოპოზიცია მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახოს – მათ არცერთი ფაქტი და საფუძველი არა აქვთ განაცხადონ, რომ ქვეყნის ტერიტორიას ანტირუსული სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ მაკა ბოჭორიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით და შეაქო საქართველოს მთავრობა, როგორც „კარგი პარტნიორი გამჭვირვალობის თვალსაზრისით". როგორც ამის შემდეგ ქართველმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, საქართველოს „საგანგაშო სიგნალების“ გამო ლუპით აკვირდებიან.
„სამწუხაროდ, ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა იმ განცხადებებმა და სათაურებმა, რომელიც საერთაშორისო მედიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე ხვდება – თითქოს საქართველოში „შავი ხვრელებია“. ამის არანაირი დასტური არ ჰქონიათ, თუმცა იყო უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაკეთებული განცხადება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ, რათა ქვეყნის რეპუტაცია შელახულიყო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მუშაობს, რათა ქვეყანა არ გამოიყენონ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი.
„ამას წელიწადზე მეტია ვაკეთებთ და თან კარგად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც დეპუტატმა დაამატა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანქციები დაცული იყოს, და საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს.
„შესაბამისმა პირებმა ანგარიშები გააკეთეს და თქვეს, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც კითხვას დასვამდა საქართველოს კეთილსინდისიერებაზე, როცა საქმე ეხება სანქციების დაცვას. ოპოზიციას არანაირი ფაქტი და საფუძველი არ აქვს, მათ მხოლოდ ერთადერთი ინტერესი აქვთ, ქვეყნის რეპუტაცია იყოს შელახული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.