თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველო С ჰეპატიტთან ბრძოლაში მოწინავე ქვეყანაა – სახელმწიფო პროგრამით მკურნალობის ეფექტურობის წყალობით ქრონიკული ფორმით დაავადების გავრცელება 67%-ით შემცირდა, ასევე მკვეთრად შემცირდა რისკის ფაქტორები.
С ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც С ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით ციროზისა და კიბოს ჩათვლით.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. მისი ეფექტურობა 99% აღმოჩნდა.
„წარმატებული ვაქცინაციისა და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ამოქმედებიდან მასში მონაწილეობა მიიღო 83.183-მა მოქალაქემ. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ С ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრა ქვეყანაში 2025 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
მთელ მსოფლიოში С ჰეპატიტით დაახლოებით 58 მლნ ადამიანია დაავადებული, ამასთან ყოველწლიურად ინფიცირების დაახლოებით 1,5 ათასი შემთხვევა ვლინდება. ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) მონაცემებით, ქრონიკული С ჰეპატიტით დაავადებულია 3,2 მლნ ბავშვი და მოზარდი.
ჯანმოს კამპანია ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, მიმდინარეობს ლოზუნგით „ერთი სიცოცხლე, ერთი ღვიძლი“.