თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქაჯობა უწოდა ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შესვლასთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
საპროტესტო აქცია ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, 27 ივლისს გამართეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევაც კი სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა – ლაინერმა პარასკევს, ღამით ბათუმის პორტი დატოვა.
„მინდა ერთი უხეში ტერმინი გამოვიყენო – რასაც ვხედავთ და დღეს რაც ვიხილეთ, არის ქაჯობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ სხვადასხვა პერიოდში ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა… ყველა შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას პრობლემები ექმნებოდა, ეს იყო მათ შორის იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა", – განაცხადა კობახიძემ „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ წარსულში დატოვა ეს ყველაფერი – ავტოკრატია, ადამიანის უფლებების შელახვა და ადამიანების წამება. დღეს იგივე ხალხი ოპოზიციის რიგებიდან ცდილობს ამ ქაჯობის დაბრუნებას და ამით საქართველოსთვის პრობლემების შექმნას, აღნიშნა კობახიძემ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოვა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
ამასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით.
„სანქცირებული გემები და გემების მფლობელები საქართველოში ვერ შემოვლენ", – განაცხადეს სააგენტოში.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.