თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელია, რომელიც მომავალი თანამშრომლობისთვის ძლიერი იმპულსი გახდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადაინაცვლებს. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიკური გახდება.
„ასევე გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორის ურთიერთობები და ეს იქნება ძალზე ძლიერი იმპულსი ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საქმეში", – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ისტორიული უწოდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას. სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.