თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე ინტენსიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14.357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ პერიოდში რესტავრირებული იყო ქართველი მეფეების, სასულიერო პირებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების 77 ისტორიული საბუთი.
ასევე საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 500 კინოფირსა და 80 ფონოდოკუმენტს.
არქივის ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.