თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. უძრავი ქონების გაყიდვა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში, შესაბამისად, 23,2%-ით და 34,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ბაკურიანში უძრავი ქონების 443 ობიექტი გაიყიდა იმ დროს, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში მათი რაოდენობა 577 იყო.
ამას გარდა, 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, გაყიდვები შემცირდა 10,7%-ით, განაცხადეს კომპანიაში.
გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში 167 ობიექტი გაიყიდა; 2022 წლის საანგარიშო პერიოდში – 256. ასევე 18,5%-ით შემცირდა გაყიდვები 2023 წლის აპრილ-ივნისში იანვარ-მარტთან შედარებით.
კომპანიის მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასევე შემცირდა უძრავი ქონების ფასი ამ კურორტებზე. ამ დროისათვის ბაკურიანში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასია 1,1 ათასი დოლარი, გუდაურში – 1,4 ათასი.
გუდაური და ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტებია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.