თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საზოგადოების განწყობა აჩვენებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების ხაზი „ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გადის, განაცხადა ოპოზიციური პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.
ოპოზიციური პარტიები „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის" კოალიციის ალტერნატივის შექმნაზე კონსულტაციებს ატარებენ. „ნაცმოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შესთავაზა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანება. 20 ივლისს კი პარტიამ შექმნა კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებელთან".
„გამარჯვების ხაზი „ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გადის. ამას ძალიან კარგად ადასტურებს წინა არჩევნების შედეგები", – განაცხადა ბუაძემ „პირველი არხის" ეთერში.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათ არაფერი აქვთ საერთო "ნაცმოძრაობასთან" და, შესაბამისად, არჩევნების წინ საუბარიც კი არ შეიძლება გაერთიანების შექმნაზე.
„ჩვენი ფოკუსი ახლა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ „ლელოს" ამომრჩეველი. ვხედავთ, რომ ამ ძალიან ძველმოდური პოლიტიკური პოლუსების მიღმა არსებობს ხალხი, ვისაც უნდა სიახლე, მომავლის რწმენა და, მათ შორის, ახალი თაობა პოლიტიკაში", – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, პროდასავლურ პარტიებთან კონსულტაციები გრძელდება.
„როდესაც დრო მოვა, ცხადია, იქნება საუბარი კონფიგურაციებზე, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ. მაგრამ ჯერ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ქვეყანაში გამეფებული უიმედობის საწინააღმდეგოდ", – განაცხადა ბუაძემ.
კოალიციის შანსები
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პარტიებს „ლელოს" და „გირჩი - მეტი თავისუფლება" მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის თეორიული შანსი აქვთ და საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან "საქართველოსთვის" ერთად საქართველოს ყველაზე რეიტინგული პარტიების ხუთეულში შედიან.
ამასთან, რეიტინგით ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქვეყნის ორ მთავარ ძალას - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
თუ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაარსებული „ლელო" ქვეყნის უმდიდრეს პარტიებს შორის მესამე ადგილს იკავებს და ამგვარად უზრუნველყოფს საკუთარი თავის მასშტაბურ რეკლამას, პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" აქტიურად თანამშრომლობენ ცნობილ არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებსაც თბილისში ბოლოდროინდელი მასშტაბური აქციებიდან იცნობენ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" სამივე პარტიას „რადიკალურ ოპოზიციას" და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს" უწოდებენ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. ამ დრომდე არჩევნები შერეული სისტემით იმართებოდა – პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.
პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართება ელექტრონული სისტემით. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში ბიულეტენების 90%-ზე მეტი უკვე დათვლილი და გამოქვეყნებული იქნება.