„ამ რეალობაში ვერაფერს დამალავ“ - კახა კალაძე ანტირუსული სანქციების დაცვაზე

საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, განაცხადა კახა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს ანტირუსული სანქციების აღსრულების საკითხში, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას.
ო'ბრაიენმა სენატში მოხსენებისას განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით და შეაქო საქართველოს მთავრობა, როგორც „კარგი პარტნიორი გამჭვირვალობის თვალსაზრისით". მან შეაფასა თავისი ვიზიტი საქართველოში ივნისში, სადაც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, და აღნიშნა, რომ მათ აღმოაჩინეს „დამაიმედებელი“ გარემოებები ხელისუფლების მუშაობაში სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.

„საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება, ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. დასამალი არაფერია, ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ავნებს ან სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს.
„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვოლსკი: ოპოზიცია პანიკაშია აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადების შემდეგ>>>
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.