თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვეყანაში მსხვილი პროექტების რეალიზაციაში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანისა და ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) თანამშრომლობას გამოიყენებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკისთან დავითაშვილის შეხვედრისას ბანკის საქართველოში მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ, გრძელვადიანი პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ სტრუქტურული რეფორმებისთვის და ძირითადი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ." – განაცხადა დავითაშვილმა ლიმიტოვსკისთან საუბრისას.
შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს. კაბელის მეშვეობით ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს და მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ კონტრაქტი გაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორს ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი. საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის.
ლევან დავითაშვილის შეხვედრა კონსტანტინ ლიმიტოვსკისთან
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
დავითაშვილის თქმით, შვიდწლიანი საქმიანობის განმავლობაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა რეალური წარმატება აჩვენა და აქვს სწრაფი პროგრესი საზღვრების გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების კუთხით.
მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ზოგად ეკონომიკურ სურათზე, ლიბერალურ საინვესტიციო გარემოზე და მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის კავშირების გაუმჯობესების და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
თავის მხრივ, AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამასთანავე ბანკის სახელით მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.