თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს – საქართველოს ხუთ რეგიონში თერმული ნისლითა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით ტერიტორიების დამუშავება ხდება, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„დასავლეთ საქართველოში – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის პარალელურად, საყანე ფართობების მიმდებარედ ტყის მასივებისა და ჯაგნარების ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო", – ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ეტაპზე დამუშავებულია 9.443,5 ჰა ფართობი. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება.
მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 42.780 ჰა ფართობი.
უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.