ნიკა მელია: მერაბიშვილსა და კეზერაშვილს „ნაცმოძრაობაში“ მხოლოდ ფულის შოვნა უნდათ

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ გავლენიან პოლიტიკოსებს პარტიაში მხოლოდ ფულის შოვნის ინტერესი აქვთ.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი და ტელეკომპანია Formula-ს მფლობელი დავით კეზერაშვილი მხოლოდ იმით არიან დაინტერესებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე ფული იშოვონ, განაცხადა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მელია ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, სინამდვილეში პარტიას არაფორმალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. მელიამ თავმჯდომარის პოსტი 2023 წლის იანვარში შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ დაკარგა.

„ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და კალენდრით მომავალ წელს რომ 2024-ია, ეს არ იციან, ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გარეთ 2004 წელია... რა უნდა კეზერაშვილს, მერაბიშვილს, ზაზა გოროზიას (სამეგრელო-ზემო სვანეთის ექს-გუბერნატორი)? ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ“, – განაცხადა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

მელიას თქმით, მას ხშირად ეკითხებიან, რაში მდგომარეობს ის პრობლემა, რომლის აღმოფხვრა მას შეეძლო, ის პასუხობს: „შემეძლო პარტია სარეველასაგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებინა, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
„მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული. ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალია?“ – აღნიშნა მელიამ.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე >>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.