თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები ივნისის ბოლომდე შეესრულებინა, ხოლო სამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ელოდება კონკრეტიკას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება სამი რეკომენდაცია", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პოლიტიკოსის თქმით, ერთი რეკომენდაცია ეხება სასამართლო რეფორმას, რაზეც საჭიროა კონკრეტიკა.
„ჩვენ არ ვიცით, რა იგულისხმება მასში. როგორც კი კონკრეტიკა გვექნება, დაიწყება განხილვა. სწორედ ამიტომ არ შესრულდა ეს პუნქტი, ჩვენ არ ვიცოდით, თუ რას მოიაზრებდა იგი კონკრეტულად", – განაცხადა კობახიძემ.
რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მესამეა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება ამ მიმართულებით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის – საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციებს.
კობახიძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დაკონკრეტებას საჭიროებს, დეოლიგარქიზაციაა.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, შემდეგ ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ ღირს მისი მიღება. დისკუსია გაგრძელდება. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს „ღია ჭრილობა". როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგვიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ევროკავშირი", – განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირისგან ვიდრე არ გვექნება კონკრეტიკა, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით, აღნიშნა კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კონკრეტიკას საჭიროებს, კობახიძის თქმით, ეხება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების შესახებ (Moneyval).
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეექვსეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით ნაწილობრივი პროგრესია მიღწეული.
„მესამე – „მანივალის" რეკომენდაციებია. ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. თუმცა, აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც შესრულდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მხრიდან", – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა და შეიტანა ცვლილებები კანონში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ".
სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ რიგ სფეროებს. ეს არის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ იგულისხმება, მათ შორის, კანონიერი ქურდები, ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ბრძოლას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ბრძოლას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, განაცხადა კობახიძემ.
ასევე შემუშავდა ახალი „პენიტენციური კოდექსი" ევროპული სტანდარტების შესაბამისად. საუბარია პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე, ასევე მისი დასახელების შეცვლაზე ახლით – „პენიტენციური კოდექსი".
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემას, ის შეეხება როგორც თანამშრომლებს, ისე მსჯავრდებულებს. „პენიტენციური კოდექსი" ჯერ პირველი მოსმენით არის მიღებული.
ამას გარდა, შევიდა ცვლილებები „ფულის გათეთრების შესახებ" კანონში "მანივალის" (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი - Moneyval) რეკომენდაციების შესასრულებლად.
2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე კანონში შევიდა ხუთი ცვლილება, მათ შორის ფულის გათეთრების რისკების შემოწმების გაძლიერებისა და მიკრობანკებზე კანონის მოქმედების გავრცელების შესახებ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - "მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა შესრულებულია.