თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გიორგი მარგველაშვილისთვის უნდა იყოს უხერხული, როცა იგი თავის წინამორბედზე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
„პირველ რიგში გიორგი მარგველაშვილისთვის უნდა იყოს უხერხული, როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, სწორი დასკვნები გამოიტანოს და იმსჯელოს, თუ რამდენად არიან სააკაშვილი და მის გარშემო მყოფი ადამიანები მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატმა ლობიზმის ნაწილი უწოდა რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც წუხდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მის ე.წ. ჰუმანიტარულ საჭიროებებზე საუბრობდნენ.
„ამაში გადახდილი იყო ძალიან დიდი თანხები. ამ კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები იყვნენ ამ „დიდი ქოლგის" ნაწილი", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელი 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ან პოლიტიკურმა მოღვაწემ მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ექს-პრეზიდენტი „წამებისგან მოკვდეს“ და ის სასწრაფოდ უნდა გაგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
მარგველაშვილის საჯარო განცხადებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყუილი და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება უწოდა.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.