რთვლის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რთვლის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ, და „მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს“.
ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ერთ კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრ სუბსიდიას გასცემს და კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება.
შეხვედრაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამაც, რომლის თქმით, ქვეყანაში ღვინის ექსპორტი იზრდება, რის პარალელურადაც იმატებს მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე.

„შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც ექვს თვეში ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის — 103 მილიონი ლიტრი, 252 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც“, — განაცხადა შამუგიამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატური პირობების გამო წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი შესაძლოა არასათანადო ხარისხის იყოს, თუმცა სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.