თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული პირი 16 ივლისს დააკავეს. მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის 18 მაისს გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მეგობრის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა პირმა მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა და თანმხლებმა ორმა პირმა ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო კიდევ ორი ახალგაზრდა, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
უშუალოდ მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა მომხდარი ფაქტიდან მალევე დატოვა.
მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
ამჟამად ბრალდებულის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.