აჭარაში საზკვების ობიექტების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აჭარის ზღვისპირა კურორტებზე 210 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმეს, აქედან კრიტიკული შეუსაბამობები 15-ში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

„აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნეს-ოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში.