თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. სტამბულში დააკავეს საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების მეთაური გურამ ჩიხლაძე, რომელიც რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
დაკითხვისას გაირკვა, რომ ჩიხლაძე თურქეთიდან ხელმძღვანელობდა ქმედებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით რუსეთსა და აზერბაიჯანში სჩადიოდნენ. ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე დაცვის თანხლებით ჯავშნიანი მანქანებით გადაადგილდებოდა. ის ასევე იყო პასუხისმგებელი თურქეთის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობაზე.
სტამბულის უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციით, ჩიხლაძე კრიმინალურ დაჯგუფებას ამავე ქალაქში კანონიერი ქურდის როვშან ჯანიევის (ლენკორანსკის) მკვლელობის შემდეგ, 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მას ასლან უსოიანის (დედ ხასანი) მკვლელობის დამკვეთს უწოდებდნენ.
რუსეთმა ჩიხლაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, 2020 წლიდან ის თურქეთში იმყოფება.