თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა პირისპირ შეხვედრისას იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
უზბეკეთის პრემიერი საქართველოს ორშაბათს, 17 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.
„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის“, – განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა.
როგორც უზბეკეთის პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.
როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია ძმური და მეგობრული ურთიერთობები ქვეყნებს შორის.
„მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე და უმაღლეს დონეზე ვიზიტების დადებით დინამიკაზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია თანამშრომლობით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.
ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 160,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 111,1 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი იყო.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 28 წელიწადში საქართველოში უზბეკეთის საელჩო არ გახსნილა. ამავე დროს ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.
წყარო - საქართველოს მთავრობა