ბოდიში აქვთ მოსახდელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებზე

ეს საკითხი უნდა დაიხუროს, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ევროპარლამენტარებმა საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე დეზინფორმაციული კამპანიის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტის დეპუტატების 44-კაციანმა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. ევროდეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა ნიშანია იმისა, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ზომები „არ უწყობს ხელს მის სწრაფად გამოჯანმრთელებას“ და არსებობს სააკაშვილის გარდაცვალების რისკი.
„ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენ სახელმწიფოს, ქვეყანას და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ კვდება და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს! ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯერ მიხედონ საკუთარ თავს: პრემიერმა უკრაინის ხელისუფლებას უპასუხა >>>
თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, ვინც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა.
„სამწუხაროა, რომ ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ამ მხრივ, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები მიიღო, შერცხვა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა საქართველოს ელჩისთვის, გამოაძევა ის უკრაინიდან. შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილენი არიან ამ დეზინფორმაციის, შერცხვნენ მოქმედი ელჩები საქართველოში, რომლებმაც, იცით, რომ დემარშით მიაკითხეს იუსტიციის მინისტრს და ეს დემარში სრულად დაფუძნებული იყო ტყუილზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სააკაშვილი საქართველოში

2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
Польские врачи дискредитировали свою работу – премьер Грузии о скандале вокруг Саакашвили >>>
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ეს ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
პრემიერი სააკაშვილის ნიმუშების დამალვაზე: პოლონელმა ექიმებმა თვითდისკრედიტაცია მოახდინეს >>
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.