როგორია მთავრობის პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით

ინფლაციის შემცირება საქართველოში სწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭო მიიჩნევს, რომ ინფლაციის დონე ქვეყანაში 2023 წელს პროგნოზირებულზე დაბალი იქნება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.

„(ეკონომიკური საბჭოს) სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში, შედეგად – ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის 3 ივლისს გამოქვეყნებული საბაზო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, ინფლაცია 2023 წელს მოსალოდნელია 2,8%-ის დონეზე, 2024 წელს – 3,2%-ის, ხოლო 2025 წელს – 3,3%-ის დონეზე.
რას უკავშირდება ინფლაციის შემცირება საქართველოში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ინფლაციის შემცირება უკავშირდება სწორ მონეტარულ პოლიტიკას, მთავრობის ნაბიჯებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით და კონკურენციის უზრუნველყოფას.
„საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და, ზოგადად, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, რომლებიც უკავშირდებოდა, ერთი მხრივ, მის მიერ წარმოებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, – განაცხადა უფრო ადრე დავითაშვილმა.
არჩილ მესტვირიშვილი: წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება>>
მეორე მიზეზი ინფლაციის შემცირებისა არის კონკურენციის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა და ეს შესაბამისად აისახა ფასებზე, აღნიშნა მინისტრმა.
„ამან მოგვცა საშუალება, რომ ენერგომატარებლებზე, მათ შორის საწვავზე, სურსათის გარკვეულ ჯგუფებსა და მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულიყო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ცხოვრების დონეს და აქტუალურია მოქალაქეებისთვის, რადგან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები ოჯახის ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელზეც ფასები შემცირდა, ესაა ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე ფასები შემცირდა დასვენების მიმართულებაზე. გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ფასების მცირეოდენი ზრდა ფიქსირდება ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>
დავითაშვილის განმარტებით, მთლიანობაში საერთაშორისო ტენდენცია მსგავსია – ინფლაცია ევროზონაში შეადგენს დაახლოებით 5,5%-ს, თუმცა ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში ნაკლებია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გამოწვევაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ორნიშნა ინფლაციაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, მაისში ინფლაცია თურქეთში 40%-მდე იყო, რუსეთში საკმაოდ შემცირდა – 2,5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში 11,5%-ია, მოლდოვაში – 16%-ზე მეტი, ესტონეთში – 11,3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.