თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პარტნიორები უნდა მოიქცნენ პარტნიორულად და არ მიაყენონ შეურაცხყოფა ქართველ მოსამართლეებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". დეგნანის თქმით, მოსამართლეებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ხელი შეუშალეს საქართველოს დემოკრატიულ გზას და სასამართლო სისტემის განვითარებას.
„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმებისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით ვაგრძელებთ, მაგრამ, დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხვყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, რადგან ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქართული სასამართლო სისტემა დღეს გამჭვირვალე და დამოუკიდებელია.
„მიმაჩნია, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში და პროცესები გახდა გამჭვირვალე. მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - აღნიშნა წულუკიანმა.
ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.