თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და სვანეთის რეგიონში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პირები, რომელთა ასაკიც 23-დან 65 წლამდეა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული სამი პირი აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ერთვებოდა მოქალაქეებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში და მათი „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. გარდა ამისა, აღნიშნული პირები გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებული ორი პირი მატერიალური სარგებლის მისაღების მიზნით საბერძნეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ დაუკავშირდა.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.