თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პოლონეთიდან ჩამოსული ექიმები სრულად დაეთანხმნენ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას, განაცხადა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედი", სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობის კურსს გადის, გვიან ღამით დატოვეს. სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლონელმა ექიმებმა პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან მიიღეს. მათ კლინიკა კომენტარის გარეშე დატოვეს.
„ეს ნამდვილად კოლეგიალური, საგნობრივი შეხვედრა იყო. ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ის, რაც პოლონელმა ექიმებმა ურჩიეს პაციენტს, მანამდე ქართველი სპეციალისტების მიერ იყო რეკომენდებული. თუმცა, როგორც ჩხაიძემ განმარტა, სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა უარი, მაგალითად, ხერხემალზე ფუნქციის ჩატარებაზე, რაც მას გუშინ პოლონელმა ექიმებმა შესთავაზეს. ასევე იყო კვებასთან დაკავშირებული საკითხი.
„რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. პაციენტი წონაში მომატებულია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მე მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. ჩვენი სურვილია, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუნდაც კვების კომპონენტში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ამასთან, როგორც ექიმმა განმარტა, სააკაშვილის წონაში მატება მისი სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის.
„მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჩვენთან არ მიდის“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ცნობილია, პოლონეთიდან ჩამოვიდნენ ექიმი-ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი.
სააკაშვილის ჯანმრთელობა
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
მსჯავრდებული სააკაშვილი
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.